კიბერბულინგთან გამკლავება - რჩევები ბავშვებსა და მშობლებს კიბერბულინგის პრევენციისა და აღკვეთისთვის.
რა არის კიბერბულინგი?
კიბერბულინგის შედეგები და რჩევები მშობლებს.
ინტერნეტის განვითარებასთან ერთად ბულინგის პრობლემები გასცდა სკოლის ეზოებსა და ქუჩის კუთხეებს. კიბერბულინგი შეიძლება ხდებოდეს ყველგან, სახლშიც კი, ელექტრონული ფოსტის, ტექსტური შეტყობინებების, მობილური ტელეფონისა და სოციალური ქსელების საშუალებით, კვირაში 7 დღე და დღეში 24 საათი, ასობით ადამიანის ერთდროული მონაწილეობით. კიბერბულინგს ზოგჯერ უფრო მძიმე შედეგი აქვს, ვიდრე ბულინგს. კიბერბულინგის მსხვერპლი ხშირად რჩება შერცხვენილი, დამცირებული, გაბრაზებული, დეპრესიული და ზოგჯერ თვითმკვლელობაზეც კი ფიქრობს. ამიტომ მნიშვნელოვანია, ვცნობდეთ კიბერბულინგის ნიშნებს და ვებრძოლოთ მის მიზეზებს.
რა არის კიბერბულინგი?
კიბერბულინგი ეწოდება ქმედებას, როცა ვინმე იყენებს ინტერნეტს, იმეილს, ტექსტურ შეტყობინებას, ჩათს, სოციალურ ქსელს, ონლაინფორუმს და სხვა ციფრულ ტექნოლოგიებს იმ მიზნით, რომ შეურაცხყოფა მიაყენოს, დაემუქროს ან დაამციროს სხვა ადამიანი. ტრადიციული ბულინგისგან განსხვავებით, კიბერბულინგს არ სჭირდება ფიზიკური ძალა ან პირისპირ შეხვედრა. ხშირად ის ძალიან ბევრი მოწმის წინაშე ხდება. კიბერბულინგი ყველა ფორმით და სახით არსებობს – ნებისმიერს, ვისაც ინტერნეტი ან მობილური ტელეფონი აქვს, შეუძლია წამოიწყოს კიბერბულინგი ვიღაცის მიმართ, ხშირად ანონიმურად. კიბერბულინგის განმახორციელებელს, პირობითად კიბერაგრესორს, შეუძლია მსხვერპლის დამცირება 24 საათის განმავლობაში. ხოლო მსხვერპლმა აგრესია შეიძლება ნებისმიერ ადგილას მიიღოს, ანუ არავითარი ადგილი, სახლიც კი, აღარ არის უსაფრთხო, და მხოლოდ რამდენიმე ღილაკის დაჭერით ამ პროცესს შეიძლება ონლაინ შეესწროს ასობით ან ათასობით ადამიანი.
თუკი თქვენ ან თქვენთვის ძვირფასი ადამიანი ამჟამად კიბერბულინგის მსხვერპლი ხართ, უნდა გააცნობიეროთ, რამდენად ხშირია ასეთი შემთხვევები. მაგალითად, ამერიკელ თინეიჯერთა მესამედს მაინც განუცდია რაიმე სახის კიბერბულინგი.
კიბერბულინგის შედეგები
მეთოდები, რომელთაც ბავშვები და მოზარდები კიბერბულინგისთვის იყენებენ, ისეთივე განსხვავებული და მრავალფეროვანია, როგორც მათთვის ხელმისაწვდომი ტექნოლოგიები: მუქარის შემცველი ან შემაშინებელი მესიჯების გაგზავნით დაწყებული, იმელის ანგარიშის გატეხვით და ონლაინიდენტობის მითვისებით დამთავრებული. ზოგიერთი კიბერაგრესორი ვებსაიტს ან სოციალური მედიის გვერდსაც კი ქმნის მსხვერპლის დასამცირებლად.
ტრადიციული ბულინგის მსგავსად, კიბერბულინგში ბიჭებიც და გოგოებიც თანაბრად მონაწილეობენ, მაგრამ ზოგადად განსხვავებულ ხერხებს იყენებენ. ბიჭები მეტწილად სექსუალური ხასიათის ან ფიზიკური ზიანის მუქარის მესიჯებს აგზავნიან. გოგოები კი ძირითადად ავრცელებენ ჭორებს და მცდარ ინფორმაციას მსხვერპლის შესახებ, ამჟღავნებენ საიდუმლოს, მსხვერპლს რიცხავენ გარკვეული წრიდან ან ელექტრონული კომუნიკაციის ჯგუფიდან. რადგან კიბერბულინგი ძალიან სწრაფად მოქმედებს, ბავშვი ან მოზარდი იოლად იცვლის როლს, შეიძლება კიბერბულინგის მსხვერპლიდან ერთ წუთში გადაიქცეს აგრესორად და შემდეგ ისევ მსხვერპლად.
ნებისმიერი სახის ბულინგი მსხვერპლს თავს უმწეოდ, იზოლირებულად აგრძნობინებს, უღვიძებს ფიქრებს თვითმკვლელობაზე და იწვევს ისეთ პრობლემებს, როგორიცაა დეპრესია, შფოთვა და დაბალი თვითშეფასება. ხშირად კიბერბულინგი შეიძლება უფრო მტკივნეულიც იყოს, ვიდრე უბრალოდ ბულინგი, რადგან:
- კიბერბულინგი შეიძლება მოხდეს ყველგან, ისეთ ადგილებშიც კი, სადაც მოზარდი ჩვეულებრივ თავს უსაფრთხოდ გრძნობს, მაგალითად სახლში, და ყველაზე მოულოდნელ დროსაც კი, ვთქვათ ოჯახთან ერთად ქალაქგარეთ დასვენებისას. მსხვერპლს ამ დროს ეჩვენება, რომ არ არსებობს რაიმე გზა ამ დამცირებისა და შეურაცხყოფისგან თავდასაღწევად.
- ხშირად კიბერბულინგი ანონიმურად ხდება, ამგვარად მსხვერპლმა არ იცის, ვისი სამიზნეა. ეს მსხვერპლს უფრო აშინებს, აგრესორს კი აძლიერებს, რადგან ონლაინანონიმურობის გამო მისი გამოვლენის ალბათობა მცირეა. რადგან აგრესორი ვერ ხედავს მსხვერპლის რეაქციას, ის ხშირად იმაზე მეტად ამცირებს მსხვერპლს, ვიდრე პირისპირ.
- კიბერბულინგს შესაძლოა ათასობით ადამიანი შეესწროს ინტერნეტში. იმეილი შეიძლება დაეგზავნოს ასობით ადამიანს, ხოლო სოციალური მედიის პოსტები და კომენტარები ხშირად ყველასთვის ხელმისაწვდომია. რაც უფრო მეტი მოწმე ჰყავს კიბერბულინგს, მით უფრო მეტ დამცირებას განიცდის მსხვერპლი.რჩევები კიბერბულინგის მსხვერპლ ბავშვებსა და მოზარდებს
- თუკი თქვენ კიბერბულინგის მსხვერპლი გახდით, მნიშვნელოვანია, არ უპასუხოთ არცერთ მესიჯს ან პოსტს, რომელიც თქვენ შესახებ დაიწერა, რაც არ უნდა მცდარი და მტკივნეული იყო ის. პასუხი მხოლოდ დაამძიმებს მდგომარეობას და იმ რეაქციას გამოიწვევს, რაც აგრესორს ჰქონდა გამიზნული. ამიტომ ნუ მისცემთ მას კმაყოფილების საბაბს.ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ მიმართოთ შურისძიებას, რომ თავად არ გახდეთ აგრესორი. ეს უფრო გააუარესებს პრობლემას და შეიძლება მძიმე სამართლებრივი შედეგები გამოიწვიოს.სასურველია, მოიქცეთ შემდეგნაირად:
- შეინახეთ კიბერბულინგის შესახებ ინფორმაცია. შეინახეთ ტექსტური შეტყობინებები ან ვებგვერდის სურათი და უჩვენეთ სანდო ზრდასრულს, მაგალითად, ოჯახის წევრს, მასწავლებელს ან სკოლის ფსიქოლოგს. თუკი ასეთი შემთხვევები სწრაფად არ აღიკვეთება, კიბერაგრესორი ხშირად დამცირების და ძალადობის უფრო მძიმე ფორმებს მიმართავს;
- თუკი ვინმე ფიზიკური დაზიანებით გემუქრებათ ან უხამს სექსუალურ მესიჯებს გიგზავნით, მიმართეთ პოლიციას. ხშირ შემთხვევაში კიბერაგრესორის ქმედებები კანონით ისჯება;
- შეწყვიტეთ კიბერაგრესორთან ყოველგვარი ურთიერთობა. დაბლოკეთ მათი ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი და წაშალეთ სოციალური ქსელის კონტაქტებიდან. აცნობეთ მათი ქმედებების შესახებ ლოკალურ ინტერნეტპროვაიდერს ან სხვა სოციალურ მედიას ან ვებსაიტს, რომელსაც ისინი იყენებენ თქვენ წინააღმდეგ ბულინგისთვის. კიბერაგრესორის ქმედებები შეიძლება წარმოადგენდეს ვებსაიტის წესების დარღვევას ან, თქვენი ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით, შეიძლება დასჯადიც იყოს.
თუკი თქვენ ბულინგის მსხვერპლი გახდით, გახსოვდეთ:
- ნუ დაიდანაშაულებთ თავს. ეს არ არის თქვენი ბრალი. არა აქვს მნიშვნელობა, რას ამბობს ან აკეთებს კიბერაგრესორი, არ უნდა შეგრცხვეთ იმის, რასაც წარმოადგენთ და გრძნობთ. აგრესიის გამოვლინება ნიშნავს, რომ პრობლემები კიბერაგრესორს აქვს და არა თქვენ;
- კიბერბულინგს სხვა კუთხიდან შეხედეთ. კიბერაგრესორი უბედური, იმედგაცრუებული ადამიანია, ვისაც სურს, კონტროლი მოიპოვოს თქვენს გრძნობებზე, რომ თქვენც ცუდად იგრძნოთ თავი. ნუ აჰყვებით მის თამაშს და ნუ მიანიჭებთ მას ამ სიამოვნებას;
- ნუ დაიტანჯავთ თავს. ნუ გაამძაფრებთ კიბერბულინგის ინციდენტს მის შესახებ ფიქრით ან ხშირად გახსენებით. ამის ნაცვლად, წაშალეთ ყველა აგრესიული მესიჯი და კონცენტრირება მოახდინეთ პოზიტიურ გამოცდილებაზე. თქვენს ცხოვრებაში უამრავი რამეა, რის გამოც საკუთარი თავით უნდა იამაყოთ;
- მიმართეთ დახმარებას. დაელაპარაკეთ მშობელს, მასწავლებელს, სკოლის ფსიქოლოგს ან სხვა ზრდასრულს, რომელსაც ენდობით;
- ისწავლეთ სტრესთან გამკლავება. სტრესთან გამკლავების უნარები დაგეხმარებათ, გახდეთ უფრო თავდაჯერებული და კიბერბულინგი ნაკლებად დაგთრგუნავთ. ვარჯიშები, მედიტაცია, პოზიტიური თვითთერაპია, სუნთქვითი ვარჯიშები კარგი ხერხია კიბერბულინგის სტრესის დასაძლევად;
კიბერბულინგის შედეგების დაძლევის გზები
თუკი ირგვლივ გყავთ ადამიანები, რომელთაც შეგიძლიათ მიმართოთ გამხნევებისა და მხარდაჭერისთვის, ეს გააძლიერებს თქვენს თავდაჯერებას და სიმტკიცეს, და უფრო იოლად გადაიტანთ კიბერბულინგს. ამ შემთხვევაში ძალიან დაგეხმარებათ მეტი ურთიერთობა ოჯახის წევრებსა და რეალურ მეგობრებთან ან ახალი მეგობრების შეძენა.
- ცოტა ხნით შეწყვიტეთ ტექნოლოგიების გამოყენება. შეისვენეთ თქვენი კომპიუტერის, ტაბლეტის, აიპოდის, ვიდეოთამაშებისა და მობილური ტელეფონებისგან და გათავისუფლებული დრო ახალი ადამიანების გასაცნობად გამოიყენეთ.
- იპოვეთ ადამიანები, ვინც თქვენს ღირებულებებს და ინტერესებს იზიარებს. ისწავლეთ სპორტის ახალი სახეობა, გახდით რომელიმე კლუბისწევრი ან აარჩიეთ ახალი ჰობი, დაინტერესდით ჭადრაკით, ხელოვნებით ან მუსიკით.
- გაუზიარეთ სხვებს თქვენი გრძნობები ბულინგთან დაკავშირებით. გაესაუბრეთ მშობელს, სკოლის ფსიქოლოგს, მწვრთნელს ან სანდო მეგობარს. თქვენი განცდების გაზიარებამ შეიძლება არსებული სიტუაცია ვერ შეცვალოს, მაგრამ აუცილებლად შეცვლის თქვენს დამოკიდებულებას კიბერბულინგის მიმართ.
- გაძლიერდით ფიზიკურად. ვარჯიში არის საუკეთესო გზა სტრესის შემცირების, დეპრესიასთან გამკლავებისა და თავდაჯერების გაძლიერებისთვის. განსაკუთრებით სასარგებლოა აღმოსავლური ორთაბრძოლის შესწავლა იმისთვის, რომ ბრაზთან გამკლავება და მისი სწორად მიმართვა ისწავლოთ.
- ესაუბრეთ ბავშვს ინტერნეტ უსაფრთხოებაზე – ესაუბრეთ ბავშვს ინტერნეტ სივრცეში არსებული საფრთხეების შესახებ მისი ასაკისა და უნარების გათვალისწინებით. აუხსენით ბავშვს, რომ რომელიმე ვებ-გვერდზე დარეგისტირების სურვილის შემთხვევაში, მოგმართოთ თქვენ, რათა უსაფრთხოების მიზნით მათ შემოთავაზებულ წესებსა და პირობებს გაეცნოთ. ასევე, ხაზი გაუსვით პირადი ინფორმაციის (მისამართი, ტელეფონი და ა.შ.) გაცემასთან დაკავშირებულ საფრთხეებს და დაარწმუნეთ ბავშვი, რომ ასეთი საფრთხის ნიშნების არსებობისას დაუყოვნებლივ მოგმართოთ თქვენ.
0 Comments