4 რამ რაც უნდა იცოდეთ ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოსაყენებლად

ჩვენი ყოველდღიურობა ინტერნეტის გარეშე, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია. ინტერნეტი არის ინფორმაციის მიღების, გაცემისა და კომუნიკაციის ყველაზე მნიშვნელოვანი არხი. გლობალური ქსელით სარგებლობის უფლება ადამიანების ფუნდამენტურ უფლებადაც ითვლება და სახელმწიფოები ვალდებულნი არიან, მოქალაქეები ამ უფლებით უზრუნველყონ.
დღესდღეობით ინტერნეტს უამრავი დანიშნულებით ვიყენებთ, დაწყებული ახალი ამბების მიღებით და დამთავრებული - საქმიანი და მეგობრული მიმოწერებით. თუმცა, ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქცია, ონლაინ-შოფინგია.
2015 წლის მონაცემებით, ინტერნეტში საცალო გაყიდვებში $2,2 ტრილიონი დაიხარჯა. ცხადია, ასეთი რაოდენობის თანხის ბრუნვა არაკეთილსინდისიერ ადამიანებსაც იზიდავს და ისინი ცდილობენ, ინტერნეტ-მომხმარებელთა გამოუცდელობა და გულუბრყვილობა სათავისოდ გამოიყენონ.
ინტერნეტის არსებობის ისტორიაში მომხმარებლის მოტყუების არაერთი ხერხი მოუფიქრებიათ, დაწყებული ნიგერიელი პრინცის აფერით და დამთავრებული ფიშინგით. ასეთ მახეებში გაბმის საშიშროება თითქმის ყველას ემუქრება. ონლაინ-კრიმინალების მსხვერპლი, შესაძლოა, გამოცდილი და დაკვირვებული მომხმარებელიც გახდეს. საქმე ისაა, რომ საფრთხეების ამოცნობა უფრო და უფრო რთული ხდება და შეიძლება, ოდნავმა უყურადღებობამაც კი დაგაზარალოთ, როგორც ფინანსურად, ასევე პერსონალური მონაცემების გახმაურების კუთხით.
იმისთვის, რომ ინტერნეტი უფრო დაცულად გამოიყენოთ, ვიდრე ახლა იყენებთ, ან ურჩიოთ თქვენს მეგობრებს, მშობლებს ან ნათესავებს, როგორ დაიცვან თავი არაკეთილსინდისიერი ადამიანებისგან, წარმოგიდგენთ 4 რჩევას, ინტერნეტით დაცულად სარგებლობისთვის:

1. იცოდეთ, როგორ იპოვოთ უსაფრთხო საიტები
მიუხედავად იმისა, რომელ ვებგვერდზე იმყოფებით, თქვენი პირადი ინფორმაციის შეყვანამდე ან საბანკო ოპერაციის შესრულებამდე მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ, რომ ეს ვებგვერდი ნამდვილად ის საიტია, სადაც თქვენ აპირებდით შესვლას.
მისამართის შემოწმება
პაროლის ან ბარათის მონაცემების შეყვანამდე, ყოველთვის კარგად გადაამოწმეთ საიტის მისამართი. ძალიან ხშირად, თაღლითები ნამდვილი საიტის ვიზუალურ კლონს აკეთებენ და მსგავს მისამართზე ათავსებენ, რომ თქვენგან მონაცემები გამოიტყუონ. ამას ფიშინგი ეწოდება და უფრო ვრცელი ახსნა ქვევით იხილეთ.
დაცული კავშირი
ყოველთვის გადაამოწმეთ, იყენებს თუ არა საიტი HTTPS კავშირს. განსხვავებით HTTP კავშირისა, HTTPS წარმოადგენს დაშიფრულ პროტოკოლს. მარტივ ენაზე ეს ნიშნავს, რომ ასეთ საიტზე შეყვანილი მონაცემები - მაგალითად, პაროლი, მისამართი ან საბანკო ბარათის ნომერი - დაშიფრულად მიეწოდება საიტს და “გზაში” (თქვენი კომპიუტერიდანთქვენს პროვაიდერამდე, ან პროვაიდერიდან - საიტის სერვერებამდე) მის წაკითხვას ვერავინ შეძლებს.
თუ საიტი დაცულ კავშირს იყენებს, მისი მისამართი
აუცილებლად დაიწყება ამ ფორმით
2. შეარჩიეთ უსაფრთხო პაროლი
პაროლი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც თქვენს დაცულობას უზრუნველჰყოფს. სწორედ ამიტომ, სერიოზული ვებსაიტები თქვენგან რთული პაროლის შექმნას ითხოვენ.
მაგალითად:
- პაროლი უნდა შეიცავდეს მინიმუმ 8 სიმბოლოს,
- მინიმუმ ერთი სიმბოლო უნდა იყოს ციფრი,
- მინიმუმ ერთი სიმბოლო აუცილებლად უნდა იყოს დიდი ლათინური ასო და ა.შ.
პაროლის ფორმატი
პირველი რაც უნდა დაიმახსოვროთ, არის ის, რომ არასოდეს გამოიყენოთ ადვილი პაროლები, მაგალითად, 12345678, password123, paroli, qwerty, qwerty123 და ა.შ. ასეთ დროს, თქვენ ერთ-ერთი ყველაზე მარტივად ხელმისაწვდომი ადამიანი ხართ ონლაინ-კრიმინალებისთვის.
მსოფლიოს გარშემო უამრავი საიტი “ტყდება” ჰაკერების მიერ და მათგან მომხმარებლების პაროლებს იპარავენ. ასეთი მოპარული სიები საუკეთესო სტატისტიკას აძლევს კრიმინალებს - რომელ პაროლებს იყენებენ ხშირად, რა პრინციპით ირჩევენ მომხმარებლები პაროლებს და ა.შ.
ასე რომ, რაც უფრო უნიკალური და ალოგიკურია თქვენი პაროლი, მით უფრო უსაფრთხოა იგი. გვერწმუნეთ, საკუთარი დაბადების წელის ან სახელის კომბინაციების გამოყენების გენიალური იდეა მხოლოდ თქვენ არ მოგსვლიათ, ყველამ იცის და ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული, დაუცველი ფორმაა.
როგორ მოვიფიქროთ ძლიერი პაროლი
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა საიტზე ერთი და იგივე პაროლი არ გქონდეთ. წარმოიდგინეთ, თუ ერთ დღეს თქვენს ელფოსტას ან სოციალური ქსელის პაროლს ვინმე შეიტყობს, მას ავტომატურად ეცოდინება სხვა ყველაფრის პაროლი. ამიტომ, უმჯობესია, თუ ყველგან სხვადასხვა პაროლი გექნებათ.

მაგალითად: დიდხანს გელოდი და ახლა შენი დროა. ვღებულობთ პაროლს dgdashd. დამატებითი უსაფრთხოებისთვის, დავუმატოთ მას შემთხვევითი რიცხვი, გავადიდოთ ყოველი d ასო და ბონუსად დავურთოთ სასვენი ნიშანი. ანუ, ჩვენი პაროლი იქნება ასეთი: DgDashD23!
იმისთვის, რომ ყოველ საიტზე განსხვავებული პაროლი გქონდეთ, შეიძლება თქვენს “მთავარ” პაროლს დაუმატოთ საიტის სახელი და რამე ცვლადი. ოღონდ არა იმ ფორმით, რომ თაღლითისთვის ცხადი გახდეს, როგორ “აწარმოოს” სხვა საიტის პაროლი ამ ერთი პაროლიდან. მაგალითად, თუ პაროლს სასვენი ნიშნის შემდეგ დავუმატებთ საიტის სახელის მხოლოდ თანხმოვნებს და ბოლოში - ამ საიტის სახელში არსებული სიმბოლოების რაოდენობის რიცხვს, ამ მიდგომის გამოცნობა შედარებით რთული იქნება. შესაბამისად, ჩვენი შედგენილი პაროლის ვერსია ფეისბუქისთვის იქნება ასეთი: DgDaShD23!fcbk8
გეთანხმებით, რომ ყველაფერი ძალიან ჩაიხლართა. თუმცა, უსაფრთხოება დამატებით წვალებას მოითხოვს. ასევე, შეგიძლიათ ასეთი რთული პაროლები მხოლოდ იმ საიტებზე გამოიყენოთ, სადაც სენსიტიური ინფორმაციაა თქვენს შესახებ. რიგით ფორუმზე ან ბლოგზე კი - დატოვოთ თქვენი კატის სახელი.
როგორ არ ვიმახსოვროთ პაროლები
თუ პაროლების ზეპირად დამახსოვრება პრობლემას წარმოადგენს, გირჩევთ გამოიყენოთ პაროლების რომელიმე სანდო მენეჯერი. პაროლის მენეჯერი სპეციალური პროგრამაა, რომელიც ჩაშენდება თქვენს ბრაუზერში, ტელეფონში და დაცულად დაიმახსოვრებს ყველა საიტის ყველა პაროლს.
ასეთებია, მაგალითად, LastPass, keeper ან 1Password. გარდა პაროლების დამახსოვრებისა, ეს პროგრამები თავად გიგენერირებენ შემთხვევით, გრძელ და უსაფრთხო პაროლებს რეგისტრაციისას. ასეთი პროგრამების დახმარებით, შეგიძლიათ ყველა საიტზე განსხვავებული, სრულიად შემთხვევითი და აბდაუბდა პაროლები გქონდეთ დაყენებული.
გარდა პაროლებისა, ეს პროგრამები სხვა მონაცემებსაც იმახსოვრებენ უსაფრთხოდ - მაგალითად, საბანკო ბარათის მონაცემებს ან ჩვეულებრივ ტექსტურ ჩანაწერებს.
ამ პროგრამებს ბევრი პროფესიონალი და დამწყები მომხმარებელი იყენებს. მათი გამოყენების დადებითი მხარე უდიდესი კომფორტია. მთავარი საშიშროება კი ის არის, რომ თუ თაღლითი ამ პროგრამის მონაცემების ხელში ჩაგდებას შეძლებს, მას მთელი თქვენი ინტერნეტ-სამყაროს გასაღები ექნება. ასე რომ, თუ არ ხართ დარწმუნებული საკუთარ შესაძლებლობებში, დაიცვათ კომპიუტერი ვირუსებისგან ან დაუკითხავი წვდომისგან, ალბათ აჯობებს, კვლავ თქვენს მეხსიერებას ენდოთ.
არცერთი ნორმალური კომპანია ან საიტი არ
მოგთხოვთ, რომ გაანდოთ
თქვენი პაროლი
ზეპირად, ტელეფონით ან ელფოსტით.
არავის ანდოთ თქვენი პაროლი
არამც და არამც, არ მისცეთ თქვენი პაროლი არავის.
მაგალითად, დაახლოებით ერთი წლის წინ, ქართულ ფეისბუქზე ერთი აფერა დატრიალდა. ვიღაც უცნობი, პირად მიმოწერაში იწერებოდა, რომ თავის შეყვარებულს ან მეგობარს ეჩხუბა, იმან დაბლოკა და ახლა ამას ძალიან უნდა მასთან დაკავშირება, ამიტომ საწყლად და საყვარლად გთხოვდათ, თქვენი ფეისბუქის პაროლს, რათა თქვენი პროფილით მისთვის ხმა მიეწვდინა და შერიგება ეთხოვა. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, არც თუ ისე ცოტა ადამიანი მოტყუვდა და უცნობი პირის დრამაში თავისი პაროლით ჩაერია.
საბედნიეროდ ამ აფერას დიდი ზარალი არავისთვის მოუტანია. მოტყუებული ადამიანების პროფილებით სპამ-გვერდები დაალაიქეს და სხვადასხვა ჯგუფებში გაწევრიანდნენ. მაგრამ ეს ფაქტი ადასტურებს, თუ რამდენად ადვილია მომხმარებლების მოტყუება და მათგან პირადი ინფორმაციის დაუბრკოლებლად მიღება.
ასევე დაიმახსოვრეთ, რომ არცერთი ნორმალური კომპანია ან საიტი არ მოგთხოვთ, რომ გაანდოთ თქვენი პაროლი ზეპირად, ტელეფონით ან ელფოსტით. არ დაუჯეროთ ელფოსტაზე მოსულ წერილებს ან ზარებს ტელეფონზე, თუ პაროლის თქმას გთხოვენ - ეს აუცილებლად თაღლითი იქნება.

3. თავიდან აირიდეთ ფიშინგი
პაროლისა და თქვენი პირადი მონაცემების, მათ შორის საბანკო ინფორმაციის, მოპოვების კიდევ ერთი გზა არის ფიშინგი.
მარტივად რომ ავხსნათ, ეს არის მეთოდი, რომლის დროსაც, ონლაინ-კრიმინალები ქმნიან ყალბ ვებსაიტებს, გავსებინებენ იქ არსებულ ველებს და თქვენივე ხელით გართმევენ მათთვის სასურველ ინფორმაციას.
4. ისწავლეთ ბრძოლა ვირუსებთან
პირველ რიგში საჭიროა იცოდეთ, რომ ვირუსი ჩვეულებრივი პროგრამაა. ეს არ არის რამე განსაკუთრებული, მისტიკური “არსება” და ბიოლოგიურ ვირუსთან მხოლოდ “მავნებლობა” აკავშირებს. ვირუსული პროგრამების უამრავი ტიპი არსებობს, ზოგის მიზანი ინფორმაციის მოპარვაა, ზოგის - კომპიუტერის რესურსების მითვისება, ზოგის კი - უბრალოდ ნერვების მოშლა.
ვირუსები თქვენს კომპიუტერში (ძირითადად) თქვენი თანხმობით აღწევენ. მაგალითად, რამე პროგრამის გადმოწერისას, თუ ამ პროგრამას გაუშვებთ, შეიძლება თან ვირუსი მოჰყვებოდეს, რომელსაც თქვენი ხელით გაააქტიურებთ.
ბოლო დროს ყველაზე გავრცელებული ვირუსები კი ფეიბუქზე გვხვდება, აქაც ფიშინგის მსგავსი რამ ხდება. თქვენი, უკვე დავირუსებული მეგობარი, აშეარებს ლინკს, რომელიმე ნიუს-სააგენტოდან. თქვენ შედიხართ ამ ლინკზე და იქ გხვდებათ მოთხოვნა, რომ იმისთვის, რომ ეს ნიუსი წაიკითხოთ, საჭიროა დააინსტალიროთ რამე დამატებითი პლაგინი თქვენი ბრაუზერისთვის.
ნუ დაეთანხმებით ამ პლაგინის დაინსტალირებას, დახურეთ საიტი და გაერთეთ რამე სხვა ბმულით.
თუ ასეთ პროგრამებს თქვენს ბრაუზერთან და კომპიუტერთან წვდომას მისცემთ, გარკვეული დროის შემდეგ, თქვენი მეგობრები აუცილებლად გეტყვიან, რომ თქვენს ფეუსბუქზე პორნორეკლამები შეარდება ან თქვენგან პირად მიმოწერაში საეჭვო ლინკები მისდით. ეს, ყველაზე უწყინარ ვარიანტში. თეორიულად კი, მსგავს პროგრამებს მთელი სისტემის მოშლა შეუძლიათ.

და ბოლოს, არსებობენ ე.წ. Ransomware ვირუსები, რომლებიც, კომპიუტერში მოხვედრის შემდეგ, ყველა თქვენს ფაილს დაშიფრავენ, “მძევლად აიყვანენ” და ულტიმატუმს წაგიყენებენ - თუ მითითებულ ვადაში ფულს არ გადაიხდით, ყველაფერს სამუდამოდ წაგიშლიან. ასეთ დროს, ყოველთვის აჯობებს, არ გადაიხადოთ ფული და ბედს შეეგუოთ, მით უმეტეს, თუ სწორად იქცევით და მნიშვნელოვანი ფაილების სარეზერვო ასლებს ინახავთ (ან, თუ Dropbox-ის მსგავს სერვისს იყენებთ).
ვირუსების აღმოსაჩენადა და მათ აღმოსაფხვრელად ვიყენებთ ანტივირუსებს.
4 Comments
საინტერესო ინფორმაციაა. გმადლობთ!
ReplyDeleteმეგობრებსაც გაუზიარეთ <3
Deleteწარმატებები!მაგარია!
ReplyDeleteაქტუალობას არ კარგავს ეს ბლოგი, ძალიან სასარგებლო რესურსებია
ReplyDelete